|
თუშეთის დაცული ტერიტორიები
თუშეთის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი) დაარსდა 2003 წლის 23 აპრილს, რაც ემსახურება თუშეთის რეგიონში კულტურული და პირველქმნილი ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ადამიანისა და გარემოს ჰარმონიულ თანაარსებობას.
თუშეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარე მაღალი მთებით შემოფარგლულ და მთებით ამოვსებულ სივრცეს, რომელიც II საუკუნიდან მოიხსენიება როგორც - თუშეთი.
თუშეთის დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობია 121950 ჰა. თუშეთის ტერიტორია მოქცეულია ზღვის დონიდან 1500 - 4500 მეტრის ფარგლებში და იგი ყველაზე მაღლა მდებარე და ფართობით ყველაზე მსხვილი დაცული ტერიტორიაა ევროპაში.
ვიზიტორზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თუშეთის მკაცრი და თვალწარმტაცი მთები, ხელშეუხებელი, პირველქმნილი ბუნება, ტრადიციული სოფლის გარემო, მთიელების სახელგანთქმული ქართული კერძები, ასევე საუკუნოვანი თუშური არქიტექტურა, რომელიც შერწყმულია თვალწარმტაც ბუნებასთან და მთის ლანდშაფტებთან... აი, სწორედ ამ წარუშლელ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ თუშეთში მოგზაურობის მსურველთ.
საფეხმავლო მარშრუტი „დიკლო“

მარშრუტის ხანგრძლივობა - 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე - 36 კმ;
მარშრუტის მიმართულება: ომალო-აგეურთა-დოტკალტო-დიკლო-დიკლოს ხაა-შავი ქვიშა-სანარე-სონეხი-შენაქო-ომალო.
მოგზაურობის პირველი დღე - დაათვალიერებთ თუშეთის ულამაზეს სოფლებს: ომალოს, შენაქოს, დიკლოს; ნასოფლარებს: აგეურთას, ძველ დილკოს. დაკიდებული საფეხმავლო ხიდით გადაკვეთავთ მდინარე ალაზანს; ხშირ, ხელუხლებელ ფიჭვნარებში გაივლით 200 წლის წინ გაკეთებულ სამარხილე გზაზე. აქ, თქვენს თვალწინ ხელისგულივით გადაიშლება კლდოვანი ფიჭვნარი, სადაც ბინადრობენ დედამიწის იშვიათი ცხოველები: ჯიხვი და ნიამორი.
ღამისთევა - დოტკალტოს ველზე, წყაროსთან კარავში ან ოჯახურ სასტუმროებში;
მოგზაურობის მეორე დღე - გაჰყვებით ალპურ მდელოებს ცნობილი დიკლოს მთის (4285 მ.ზ.დ) მიმართულებით. დაინახავთ დაღესტანთან სასაზღვრო გალავნის (ბაცი-ბუცის) ქედსა და დაღესტნის მთებს.
ღამისთევა - საკარვე ადგილი “შავი ქვიშა”.
მოგზაურობის მესამე დღე - შავი ქვიშიდან დაეშვებით თხემის გასწვრივ ალპურ მდელოზე მეცხვარეთა ბინა სანარესკენ, გაეცნობით თუში მეცხვარის ტრადიციულ საქმიანობას და კვლავ თხემის გასწვრივ გააგრძელებთ გზას მთა სონეხისაკენ. სონეხის წვერიდან მოსჩანს თუშეთის ოთხივე ხეობა და 14 სოფელი.
საცხენოსნო მარშრუტი „ორეთი“
მარშრუტის ხანგრძლივობა - 2დღე;
მარშრუტის სიგრძე - 23 კმ;
მარშრუტის მიმართულება: ომალო-ხოშანე-იღონე-ორეთი-ჭიხალე-ცოკალთა-ომალო;
მოგზაურობის პირველი დღე -იწყება ომალოში და გრძელდება ხოშანეში_მდინარისპირა ველებიან ჭალაში, სადაც მდინარე ალაზანს ზღვის დონიდან 1600 მ-ზე ერთვის მდინარე ხოშანეს ხევი. “ხოშანედან” ბილიკი შედის ფიჭვნარ ტყეში და მიემართება ზევით, საკმაოდ ციცაბო ფერდობზე მიხვეულ-მოხვეული გზით. ფერდობზე, ძირითადად 300 წლიანი 40 მეტრამდე სიმაღლის ფიჭვნარი კორომებია გავრცელებული. აქვე ცალ-ცალკე გვხვდება ახალგაზრდა ფიჭვნარი და ვერხვნარი კორომები. ბილიკი გაივლის იღონეს მეცხვარეთა სადგომს და გაუყვება ვადაეთის ხორხის ულამაზეს ხეობას. შემდეგ ბილიკი გადაკვეთს ქედს 2750 მ-ზე და მიემართება უკვე ორეთში საკმაოდ ვაკე ფერდობზე. სუბალპურ ბუჩქნარსა და დეკის ჯგუფებს შორის მოულოდნელად ჩნდება მწვანე ფერის ტბა “უძირო”. ტბასთან ღამისთევის ადგილი ზღვის დონიდან 2650 მ-ზეა. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, საქართველოს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).
მოგზაურობის მეორე დღე - საფეხმავლოა, მცირე დაქანების ბილიკით ეშვება სუბალპურ მეჩხერ ტყეში ამინდის სალოცავ “ჭიხალემდე”. მოგზაურობა მთავრდება სოფელ ომალოში ან ხისოში.
საცხენოსნო მარშრუტი “დოჭუ”
მარშრუტის ხანგრძლივობა - 2 დღე;
მარშრუტის სიგრძე - 28 კმ;
მარშრუტის მიმართულება: ომალო-ღელე-სახეო-დოჭუ-გოგრულთა-კეხი-ხახაბო-ომალო;
მოგზაურობის პირველი დღე - ტურისტები მიემგზავრებიან პირიქითის გზაზე ფიჭვნარ ტყეში ველამდე (ზღვის დონიდან 2250 მ), რომელიც წარმოადგენს დართლოსკენ, ომალოსა და დოჭუსკენ მიმართული ბილიკების გზაჯვარედინს. ისტორიულად აქ იმართებოდა თუშეთის საერთო სათემო ყრილობები. ღელიდან მარშრუტი მიემართება თუშეთის ორ მთავარ ხეობად გამყოფი პირიქითის (მაკრატელას) ქედზე. გზიდან კარგად ჩანს თუშეთის ხეობები - ჩრდილოეთით პირიქითას ხეობა და თუშეთის ქედი, ხოლო სამხრეთით _ჩაღმისა და გომეწრის ხეობები და მთავარი კავკასიონის ქედი. სალოცავი “სახეოდან’ (ზღვის დონიდან 2290 მ) ბილიკი ეშვება მცირე დაქანების მდელოზე სოფ. დოჭუმდე.
დოჭუ თუშეთში ერთ-ერთი კარგად შემონახული ძველი თუშური არქიტექტურის ნიმუშია. სოფელში საინტერესოა სამსართულიანი სახლების, დარბაზისა და საქვაბის დათვალიერება.
შემდეგ ბილიკი გაივლის სოფელ გოგრულთას, მინარე ორწყლის ულამაზეს ხეობას, სოფელ ხახაბოს და მთავრდება სოფელ ომალოში.
ღამისთევა შესაძლებელია სოფელ დოჭუს საოჯახო სასტუმროებში და სოფელ გოგრულთას მიმდებარედ გამოყოფილ საკემპინგე ადგილზე, კარვებში.
საცხენოსნო მარშრუტი „წოვათა“
მარშრუტის ხანგრძლივობა - 5 დღე;
მარშრუტის სიგრძე - 65კმ;
მარშრუტის მიმართულება: ომალო-დართლო-ფარსმა-ნაყაიჩოს უღელტეხილი-ვერხოვანი-წარო-წოვათის თავი-ვაკისძირი-ილიურთა-ვესტმო -გოგრულთა-დოჭუ-ომალო;
მოგზაურობის პირველი დღე -იწყება სოფელ ომალოში და გრძელდება პირიქითის ხეობაში. თქვენი პირველი მასპინძელი იქნება თუშეთის სავიზიტო ბარათად ქცეული სოფელი დართლო თავისი სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებით. მოგზაურობას აგრძელებთ სოფელ ჭეშომდე, სადაც გელოდებათ ოჯახური სასტუმრო “ჯიქი” და “ქომიტო” თუშური ტრადიციული და ევროპული კერძებით.
მოგზაურობის მეორე დღე - სოფელ ფარსმასთან (1750 მ) გადაკვეთავთ მდინარე პირიქითის ალაზანს, გადაივლით ნაყაიჩოს უღელტეხილს, საიდანაც თითქმის მთელი თუშეთის ულამაზესი პანორამა იშლება და გადახვალთ გომეწრის ხეობაში. ღამისთევა შესაძლებელია სოფელ ვერხოვანის ოჯახურ სასტუმროში, რომელიც ისტორიულ კოშკშია განთავსებული.
მოგზაურობის მესამე დღე - თქვენ გელოდებათ წოვათის ნასოფლარებისა და ალაზნისათვის თავისებური და რბილრელიეფიანი მდელოს სამყაროს მონახულების შესაძლებლობა. ღამისთევა შესაძლებელია კარვებში.
მეოთხე დღე - მოგზაურობას აგრძელებთ გომეწრის ხეობის გაყოლებით თუში სახალხო გმირის ზეზვა გაფრინდაულის მშობლიურ სოფელ ვაკისძირისკენ, სოფელ ილიურთას გავლით და ივანაურთის თემის სოფელ ვესტმოში გაათენებთ ღამეს კარვებში ან მოსახლეობის ოჯახებში.
მეხუთე დღე - სოფლების საჩიღილოსა და გოგრულთას გავლით გამორჩეული არქიტექტურის ნიმუშს სოფელ დოჭს ესტუმრებით, სადაც ნახავთ ორი საუკუნის წინანდელ საცხოვრებელ სახლებსა და საყოფაცხოვრებო საგნებს. მოგზაურობას ამთავრებთ სოფელ ომალოში.
მარშრუტი ხორციელდება 4-7 კაციანი ჯგუფით.
|
მოგზაურობისას აკრძალულია
- ცეცხლსასროლი იარაღის ან ცხოველის მოსაპოვებლად ნებისმიერი იარაღის თანხლება
- მცენარეების, ქანების ან ნამარხი სამსალების შეგროვება
- ფაუნის ნებიესმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა, ზიანის მიყენება
- ხეებზე ასვლა, კლდეებზე აძრომა, გამოქვაბულში შესვლა ან ხევისპირზე დგომა
- ისტორიული ძეგლის დაზიანება, ნაშთების შეგროვება, თვითნებური გათხრების წარმოება
- ცეცხლის დანთება, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა
|
შენიშვნა: სალოცავებსა და წმინდა ადგილებში ადგილობრივი ადათ-წესების მიხედვით ქალების შესვლა აკრძალულია.
მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი თუშეთის ომალო,
ტელ.: 899-982417, 899-293756, 899-272265
E-mail: an_alvani@yahoo.com
ვებ გვერდი: www.tushetipa.ge
|
 |
| |
| ორ |
სა |
ოთ |
ხუ |
პა |
შა |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
 |
 |
 |
 |
|