თუშეთში 50-მდე დასახლებული და გაუკაცრიელებული სოფელია, რომელიც ისტორიული განვითარების თვალსაზრისით ორ ჯგუფად იყოფა:
I. ისტორიული დასახლებები – ჭონთიო, ჰეღო, დაქიურთა, ნაკუდურთა (პირიქითის ხეობა); ინდურთა, წარო, ეთელტა, საგირთა, შავწყალა (წოვათის ხეობა) XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გეოპოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო მიტოვებული იქნა, რის გამოც დაკონსერვებული სახით შემოინახა ისტორიული ფორმა.
II. ტრადიციული დასახლებები (ომალო, დოჭუ, დართლო და ა. შ.), რომელთაც დაკარგეს რა თავდაცვითი ფუნქცია, განიცადეს საცხოვრებლის ევოლუცია და სტრატეგიული რელიეფიდან განვითარდნენ წყნარ რელიეფზე.
განვითარების მიხედვით გამოიყოფა საცხოვრებელი ნაგებობების სამი ტიპი: ძველი, გარდამავალი და ახალი. ძველი საცხოვრებელი – ისტორიული დასახლებებისათვის დამახასიათებელი კოშკურა 3-6 სართულიანი თავდაცვითი ნაგებობაა. ამგვარ ციხე-სახლებში ცხოვრობდნენ დიდი, განუყრელი ოჯახები, რაც კოლექტიური შრომისა და კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობით იყო განპირობებული.
გარდამავალი ტიპის საცხოვრებელი ნაგებობა “კარსეანი სახლი” – ციხე-სახლზე მოშენებული ნაგებობა, რომელიც ნამეტი პროდუქციის წარმოებისა და შენახვისათვის იყო განკუთვნილი. კარსეანი სახლების მშენებლობა დაიწყო XIX საუკუნის II ნახევრიდან. XIX საუკუნის ბოლოს კარსეანი სახლიდან ვითარდება აივნიანი სახლი, რომელშიც ესთეტიკური ფაქტორი დომინირებს და გაწყობილია ქალაქური სტილის კარ-ფანჯრებითა და აჟურული აივნებით.
თუშური სოფლის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია ციხე-კოშკი, ციხე-სახლის ტიპოლოგიური ანალოგი, რომელიც სასოფლო-საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა. ამგვარ ციხე-კოშკებში მტრის მოძალების ჟამს იხიზნებოდა მთელი მოსახლეობა და საერთო ძალით იცავდა თავს.
თუშეთში ორი ტიპის ციხე-კოშკს ვხვდებით: პირამიდულსახურავიანს, რომელიც მხოლოდ პირიქითა თუშეთის ხეობაშია გავრცელებული (დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო, ჭონთიო) და ცალქანობა ან ორქანობა სახურავიან ციხე-კოშკებს, რომელიც თუშეთის ყველა ხეობაშია გავრცელებული.
თუშეთის საკულტო არქიტექტურა სამი ტიპისაა: წინაქრისტიანული (წარმართული); წარმართულ-ქრისტიანული (სინკრეტული) და ქრისტიანული.
წინაქრისტიანულ არქიტექტურას განეკუთვნება ჯვარ-ხატი. ეს არის საკრალიზებული ტერიტორია, სიპი ქვისაგან აშენებული მცირე ზომის მასიური კოშკებით, ზოგჯერ ღვთისმსახურთა საცხოვრისითა და სარიტუალო კომპლექსებითურთ.
წარმართულ-ქრისტიანულ (სინკრეტული) არქიტექტურას განეკუთვნება შუა საუკუნეების მცირე ზომის სალოცავები, ადგილობრივი სამარხი აკლდამების ანალოგიური ნაგებობები, ქრისტიანული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დასავლეთ-აღმოსავლეთის ორიენტაციითთ, სატრაპეზოთი და სარკმელით (სოფლები: დართლო, გუდაანთა, წარო).
ქრისტიანულ არქიტექტურას განეკუთვნება XIX საუკუნეში რუსეთის კოლონიური ხელისუფლების მიერ აშენებული კანონიკური ეკლესიები (შენაქო, ომალო, ნაციხარი, ილიურთა, ჯვარბოსელი, დართლო, ფარსმა).
სამარხი არქიტექტურის ნიმუშებია შუა საუკუნეების აკლდამები, რომელიც აშენებულია ფიქალი ქვითთ, აქვს თაღოვანი ჭერი და სიპედი სახურავი (ჰეღო, ჩიღო, წარო, ალისგორი).
საზოგადოებრივი ნაგებობებიდან აღსანიშნავია სოფელ დართლოს “საბჭეო”, თემური სამართალწარმოების იშვიათი მატერიალური ძეგლი. აქ ნახევარწლიურად განლაგებული იყო 12 უხუცესის ქვის სავარძლები. სავარძლების წინ მიწაში ჩასმული იყო ორი ქვა – მომჩივანისა და მოპასუხისათვის. ამჟამად ძეგლი დაზიანებულია და შემორჩენილია ქვის სამი სავარძელი.
|
 |
| |
| ორ |
სა |
ოთ |
ხუ |
პა |
შა |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
 |
 |
 |
 |
|